ბათუმში შესაძლოა, საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“ დაანგრიონ
ბათუმში შესაძლოა, საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლია“ დაანგრიონ

ბათუმში ე.წ. ლუჟკოვის სახლის შემდეგ, კომპანია „ალიანს სიტი” ცენტრ პოინტის მიერ აგებული საცხოვრებელ კომპლექსის, „თეთრი მაგნოლიას” დანგრევასა და ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ დღეს კომპანიის წარმომადგენელმა ბათუმის მერიაში განაცხადა, სადაც არასამთავრობო სექტორთან ლუჟკოვის სახლის ადგილზე სამი ცათამბჯენის აშენების გეგმის განხილვა მოეწყო.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ „თეთრი მაგნოლიას“ აღების გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მოქალაქეების პოზიციების გაცნობის შემდეგ მიიღეს. მოქალაქეები საცხოვრებელ კომპლექსს მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე დიდ სიმახინჯეს.

„გავეცანით საზოგადოების რეაქციას სოციალურ ქსელში, რომლებიც მაგნოლიაზე წერდნენ. როგორც ბიზნესკომპანია, მის ნაცვლადაც ვფიქრობთ ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელებას”, – თქვა შეხვედრაზე კომპანიის არქიტექტორმა, მალხაზ ქათამაძემ,

„თეთრი მაგნოლიას” მშენებლობა 2011 წელს დასრულდა, თუმცა ამ დრომდე მერიას ექსპლუატაციაში არ მიუღია. კომპლექსი ნახევრად ცარიელია, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, ბინადრებმა არაერთხელ მოაწყეს საპროტესტო აქცია. კომპლექსი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ საცხოვრებელ კორპუსად მიიჩნეოდა.

რაც შეეხება ე.წ.ლუჟკოვის სახლის ნაცვლად სამი 45 და 50- სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას, კომპანია მერიისგან ითხოვს საცხოვრებელი ზონის სტატუსის შეცვლას საზოგადოებრივი საქმიანი ზონით, გარდა ამისა მას ამ მასშტაბის ნაგებობებისთვის სჭირდება k 2 კოეფიციენტის 4-დან თხუთმეტამდე გაზრდა, რასაც არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება.

მათი განცხადებით, ზონის სტატუსისა და კოეფიციენტის შეცვლა მიზანშეწონილი არ არის, რადგან აზრს დაკარგავს ყველა დოკუმენტი, რომელიც ბათუმის განაშენიანებას უკავშირდება და ეს შემთხვევა გახდება პრეცედენტი სხვა ინვესტორებისთვისაც, რომლებიც სანაპირო ზოლში მშენებლობებს ყველაზე სარფიანად მიიჩნევენ. არასამთავრობო სექტორის განცხადებით,  ქალაქი  იერსახეს კარგავს და სანაპიროს გარდა ქალაქის შიდა ტერიტორიები მთლიანად იზოლირებული რჩება ზღვისგან.