ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი გაიხსნა
ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი გაიხსნა. პიანისტ ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ფესტივალი მეშვიდედ იმართება, თუმცა წელს ახალი სახელწოდებით. კონცერტები ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

ფესტივალის გახსნის დღეს თავად ფესტივალის ორგანიზატორმა დაუკრა. ელისო ბოლქვაძემ მაყურებელს ბეთჰოვენის „პრომეთეს ქმნილებანი“ ფესტივალის ორკესტრთან ერთად შესთავაზა. ორკესტრს დავით მუქერია დირიჟორობდა.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობითა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით წელს მეშვიდედ იმართება.

ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც იუნესკო-ს (UNESCO) მაღალი პატრონაჟით ტარდება. ბათუმს ეწვევა ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის მასტერკლასებს გამართავს.

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში 7 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება წარმოშობით ქართველი ფრანგი მხატვრის, ანრი მაჭავარიანის გამოფენა. ასევე, 7 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა არტბანაკი ახალგაზრდებისთვის.

8 სექტემბერს გაიმართება ელისო ბოლქვაძის გალაკონცერტი ღია ცის ქვეშ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში.

9 სექტემბერს ჩოხატაურში, კულტურის სახლში გაიმართება ახალგაზრდა პიანისტების, ბარბარე თათარაძისა და ილია ლომთათიძის კონცერტი.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს მსოფლიოს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები: გიტარისტი კლაუდიო პიასტრა, ფლეიტისტი ლუიზა სელო, პიანისტები ალექსანდრე გაჯიევი, ლიდი სოლომონი, ალექსანდრა მასალევა და დავით ალადაშვილი, კლარნეტისტი კლაუდიო მანსუტი, დირიჟორი ჯანკარლო დი ლორენცო ეწვევიან. ფესტივალის ორკესტრს მაესტრო დავით მუქერია უხელმძღვანელებს.

​ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება.