ბათუმში სავარაუდოდ ძაბვის დარტყმით 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში სავარაუდოდ ძაბვის დარტყმით 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა ბათუმში. შემთხვევა ანგისის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

როგორც პირველ არხს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძემ განუცხადა, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ მაღალი ძაბვის დარტყმა გახდა.

„​სასწრაფო დახმარების ჯგუფს შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ მაღალი ძაბვის შედეგად მიყენებული დამწვრობით 40 წლამდე მამაკაცი ფაქტობრივად გარდაცვლილი დახვდათ, თუმცა მაინც გადავიყვანეთ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – განაცხადა ბადრი პაქსაძემ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი სავარაუდოდ უკვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი მშენებლობაზე ამწეს მართავდა, რომელიც მაღალი ძაბვის სადენს წამოედო.

პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.