ბათუმში „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შენობა 20-მდე ოჯახმა უკანონოდ დაიკავა
ბათუმში „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შენობა 20-მდე ოჯახმა უკანონოდ დაიკავა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილ შენობაში დღეს საღამოს 20-მდე ოჯახი შეიჭრა.

ისინი აცხადებენ, რომ თავშესაფარი არ აქვთ, ნაქირავებში კი თანხის გადახდას ვერ ახერხებენ.

„ნაქირავებში ვცხოვრობთ წლებია. არ გვაქვს არანაირი საცხოვრებელი, ვეღარ ვიხდი ქირას, მეტი გზა არ გვაქვს, ან ამ შენობაში დაგვტოვოს მთავრობამ, ან დაგვაკმაყოფილოს რაიმე საცხოვრებლით”, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მოქალაქეებთან, რომლებმაც შენობა უკანონოდ დაიკავეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე მივიდა.

„არავის აქვს უფლება, შეიჭრას სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, დროზე გაათავისუფლონ ფართი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეაგირება იქნება მკაცრი. არ ვიცით, რა კატეგორიის ოჯახები შემოჭრნენ. ჩვენ მოვუწოდებთ, დატოვონ ტერიტორია და ყველას ინდივიდუალურად შევხვდები, არც ერთი მათგანი არ დარჩება სახელმწიფო დახმარების იმ პროგრამის მიღმა, რომელიც მათ ეკუთვნით”, – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

ამ დროისთვის შენობაში სიმშვიდეა. სამართალდამცველები და მინისტრის მოადგილე ცდილობენ, შენობა მოლაპარაკების შედეგად გაათავისუფლონ.