ბათუმში საპროტესტო მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
ბათუმში საპროტესტო მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

ბათუმში, გმირთა ხეივანში რამდენიმე პირი დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას აწყობდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ თბილისში შეზღუდვების წინააღმდეგ მიმდინარე აქციას.

პოლიციამ მათ მსვლელობის შეწყვეტა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქციების აქტიური მონაწილე ფირუზ წულუკიძე.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის განცხადებით, მსვლელობის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმრჩილებლობას, რაც დაკავების მიზეზი გახდა.

გმირთა ხეივანში მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერებიც. ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან სიტყვიერ დაპირისპირებას. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავება უკანონოდ განხორციელდა.

„სრულიად მშვიდობიანი მსვლელობის მონაწილეები დააკავეს. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, პოლიციელები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან მათ გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

ამ წუთებში სამართალდამცველები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გმირთა ხეივანში რჩებიან.