ბათუმში, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაკავებულია ათამდე პირი, მათ შორის, აქციის მონაწილეები – არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მათე ცენტერაძე და სხვები.
დაკავება საპროტესტო მსვლელობის დროს დაიწყო, როცა ერთ-ერთი მონაწილე – თამთა აბულაძე დააკავეს. აქციის მონაწილეთა თქმით, თამთა აბულაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით „გაიფიცე“.
პირველი დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით, სადაც სხვა პირებიც დააკავეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ასფალტზე სტიკერების გაკვრისა და შეკითხვების გამო.
ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მოგვიანებით სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დააკავეს. დაკავება მას შემდეგ მოხდა, როცა მზია ამაღლობელმა სტიკერის გაკვრა სცადა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამმართველოში უკვე შევიდნენ ერთი ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი.