ბათუმში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
ბათუმში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას აგრძელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მიზნით ბათუმში სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას სამთავრობო კომისიის წევრები, სახალხო დამცველის, ეთნიკური უმცირესობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

„გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ კვლავ გამოწვევად რჩება სახელმწიფო ენის ფლობის პრობლემა, ეროვნული უმცირესობებიდან ახალგაზრდების უფრო მეტი ჩართულობა პროცესებში, სწორედ ეს და სხვა საკითხები აისახება ახალ სტრატეგიაში“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა.

სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა საქართველოს გაერო-ს ასოციაციის UNAG-ისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.