ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი აქციას მართავს
ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი აქციას მართავს

ბათუმში, სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების ის ნაწილი, რომელიც ფიროსმანის ქუჩით მოძრაობს, აქციას მართავს. პროტესტის მიზეზი სამარშრუტო ხაზზე ახალი ნომრის დამატებაა. როგორც მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, ახალი მიმართულების დამატება მათ მგზავრების რაოდენობას შეუმცირებს.

„ფიროსმანის ქუჩაზე ოთხი ხაზი დავდიოდით და მეხუთე დაგვიმატეს. სანამ ისინი არ გადავლენ სხვა ქუჩაზე, ჩვენ არ ვიმუშავებთ. მუშაობა არ არის, საწვავი გაძვირდა, მანქანის შენახვა ხარჯია და ხაზის დამატება ჩვენს ჯიბეზე და შემოსავალზე ცუდად აისახება“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი ირაკლი ხიმშიაშვილი.

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ქავჟარაძის თქმით, ახალი ხაზი მოსახლეობის მოთხოვნით დაემატა და გაუგებარია მძღოლების მოთხოვნა.

„2019 წლის ივნისში საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით დამტკიცდა სამარშუტო ხაზები, ცვლილება შეეხო 29 ნომერსაც. გამოცხადდა კონკურსი. მარშრუტებში ცვლილებაზე ყველა იყო ინფორმირებული და უკმაყოფილება არ ყოფილა გამოთქმული. ხაზების დამტკიცების შემდეგ კონკურში ამ მძღოლებმაც მიიღეს მონაწილეობა. დღეს კი, კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვიდა სამუშაოდ და რატომღაც გააპროტესტეს. დაველაპარაკებით, დავაკვირდებით და თუ ცვლილების შეტანა გახდა საჭირო საკრებულოზე გავა, თუ ა, დარჩება უცვლელი. 29 ნომრის ფიროსმანზე გადმოტანა თამარის დასახლებაში მცოვრებლებს ქალაქის ცენტრთან და იუსტიციის სახლთან აკავშირებს“, – განაცხადა ნუგზარ ქავჟარაძემ.

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი მძღოლების მიმართ სანქციების გატარებას არ გამორიცხავს.