ბათუმში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
ბათუმში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ბათუმის საკრებულოში დღეს სხდომა ჩაიშალა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით ჩანიშნულ სხდომაზე  მმართველი გუნდის წევრები არ გამოცხადდნენ.

ოპოზიციამ საკრებულოს საკუთარი ანტიკრიზისული გეგმის განხილვა შესთავაზა და სხდომის მოწვევაც ამიტომ მოითხოვა, თუმცა ქვორუმი არ შედგა.

„დღეს საბოლოოდ დაიცალნენ პასუხისმგებლობისგანაც, არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა, მობრძანებულიყვნენ და საჯაროდ ესაუბრათ, ეთქვათ ჩვენი თანაქალაქელებისთვის, აპირებენ თუ არა მათთვის რამე სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, საგანგებო ბიუჯეტზე მსჯელობას, შეღავათებს მათი კომპეტენციის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ.

„ქართული ოცნების“ ფრაქციაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას მხოლოდ ყურადღების მიქცევა სურდა, მის მიერ წარდგენილი გეგმა კი, არასრულყოფილია და მასში დუბლირებულია საკითხები, რაც ისედაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამებში.

„გაუმართავი დოკუმენტია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, წარმოდგენილი ე.წ. გეგმის ნაწილი ისედაც არის გათვალისწინებული სამთავრობო თუ მუნიციპალური პროგრამებით“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე კი ამბობს, რომ წარდგენილი გეგმა განიხილეს მერიის სამსახურებთან ერთად, თუმცა მასში რაიმე სიახლე ვერ იპოვეს.

„მერიის სამსახურებთან ერთად გავიარეთ საკითხები, რაც იყო წარმოდგენილი, ვიმსჯელეთ 13-ვე მუხლის გარშემო და აღმოჩნდა, რომ მოცემული არაა რაიმე ინიციატივა, რომელიც ასახული არ არის სამთავრობო პროგრამაში ან მერიის პროგრამებში“, – განაცხადა სულიკო თებიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერის მოსმენას ითხოვს.