ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია 15:00 საათზე განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ პირებს და ამბობენ, რომ გუშინ არაფერი მომხდარა იმ დღეებისგან განსხვავებული, როცა აქციები იმართებოდა და მიზანმიმართულად განხორციელდა დაკავებათა სერია, პოლიციამ კი პროვოკაციები დაგეგმა.

ბათუმში, აქციაზე ჩავიდა პარტია „დროას“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც. მას სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა პოლიციის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, ვარლამ მალანიასთან. ხოშტარიას თქმით, ვარლამ მალანიას აჩვენა ფოტო, რომელზეც ასახულია ლექსო ლაშქარავას ცხედრის სახლიდან გატანის ფაქტი.

„სურათი ვაჩვენე და ვკითხე, იყო თუ არა თავად ამ ფოტოზე. ფაქტობრივად, დაადასტურა და რა უნდა ველაპარაკო მას. ეს არის ცხოველი, ეს იყო უმძიმესი საქმე, როცა დედას ცხედარი გამოსტაცეს. ამ საქმეზე ცალკეული პირები დასანქცირდნენ და ამას რა უნდა ავუხსნა, რა კანონებზე უნდა ელაპარაკო“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მანამდე ელენე ხოშტარიამ პოლიციას თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაკავებები უკანონოდ განხორციელდა.

რაც შეეხება დაკავებულებს, 12-დან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს, დანარჩენები ბათუმისა და ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გარდა გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული.

მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ.

„ყველა დაკავება განხორციელდა კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ამაღლობელს, ბევრი დეტალის გახმაურებისგან თავს შევიკავებ, რადგან უშუალოდ ჩემზე მოხდა თავდასხმა, დანარჩენს მოსამართლე გადაწყვეტს“, – განაცხადა დგებუაძემ.

გამოცემა „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე კი აცხადებს, რომ პოლიცია პროვოკაციების მოწყობით იყო დაკავებული და ძალადობის ისეთი ფონი შექმნა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ ქცევის გაკონტროლების არანაირი საშუალება.