ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მიმდინარეობს
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მიმდინარეობს

მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივები და მათი განხორციელების გზები, – ეს არის მთავარი თემები, რომლებზეც ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მსჯელობენ.

ფორუმი დღეს გაიხსნა და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პატრონაჟით იმართება. სწორედ პრემიერმა გახსნა დღევანდელი ფორუმი. ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწევენ.

ფორუმში 53 სახელმწიფოდან 400-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი.

დღეს ფორუმის მთავარი თემა იქნება საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც 2020 წლიდან განხორციელდება.

დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე მემორანდუმს, მათ შორის მეზღვაურთა დასაქმების მიზნით მეზღვაურთა სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების მემორანდუმს გერმანიასა და ხორვატიასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს ამ ქვეყნების გემებზე დასაქმების საშუალებას მისცემს.

ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმისა და შანხაის საზღვაო აკადემიებს შორის, ასევე სხვა შეთანხმებებს.

საზღვაო ფორუმი ორდღიანია და მუშაობას ხვალ დაასრულებს.

დატოვე კომენტარი