ბათუმში, სადაც მე-17 საერთაშორისო კონფერენცია უნდა დაიწყოს, მედიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აქცია იმართება
ბათუმში, სადაც მე-17 საერთაშორისო კონფერენცია უნდა დაიწყოს, მედიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აქცია იმართება

ბათუმში, სადაც მე-17 საერთაშორისო კონფერენცია უნდა დაიწყოს, საპროტესტო აქციას მართავენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

„გამოიძიე“, „არა ავტორიტარიზმს“, „თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოება“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით დგანან აქციის მონაწილეები სასტუმრო „შერატონთან“. ისინი აცხადებენ, რომ უნდათ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ხმა შარლ მიშელს მიაწვდინონ.

„ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპულ გზას გადაუხვია მისი რეალური ქმედებებით, განცხადებებით, ამიტომ მოვედით აქ, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ შარლ მიშელს“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე.

ამასთან, აქციის მონაწილეები ითხოვენ, დაისაჯოს 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები.

„გვინდა, ვიცხოვროთ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა არის ევროპული და არა ფაშისტური, ეს ხმა გვინდა, მივაწვდინოთ ამ ხალხს. მეორე სათქმელი არის ის, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე, არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ დამკვეთი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ როგორც ელჩებმა თქვეს, უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს არ არის ის ამბავი, რომელმაც ასე მარტივად უნდა ჩაიაროს“, – განაცხადა ჟურნალისტმა ლაშა ტუღუშმა.

აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

დატოვე კომენტარი