ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი – ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებიან.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც მოსამართლის განმარტებით, შიდა პატიმრობას, ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე დაპატიმრება უკანონოა.

„არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გამოიწვია თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებებმა სახლის ნგრევა. ამის თქმა ახლა არის შეუძლებელი. ამდენად, მათი პატიმრობაში დატოვება იქნება სრულად გაუგებარი“, – აცხადებს ზაურ ბუდატოვის ადვოკატი რამინ პაპიძე.

პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე ადასტურებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, მაგრამ არსებობს მოწმეთა ჩვენებები.

„ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს და ვერც იქნებოდა ამ ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს მეზობლების, სპეციალისტების ჩვენებები, რომ დანგრეული კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარეობდა სამუშაოები წესების დარღვევით, რის შედეგადაც შენობას გამოაცალეს როგორც არამზიდი, ასევე საყრდენი კედლები, რამაც გამოიწვია შენობის ნგრევა, შედეგად კი დაიღუპა ცხრა ადამიანი“, – განაცხადა ალექსანდრე ძირკვაძემ.

ამ წუთებში მოსამართლე ბრალდების მხარის არგუმენტებს ისმენს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამი პირი დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.