ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იმართება
ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იმართება

არჩევნების მთლიანობა-კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციის სანდოობა ციფრულ ეპოქაში, – ბათუმში ამ თემაზე საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

კონფერენციაში 19 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეკრებილები განიხილავენ, ტექნოლოგიურ საფრთხეებს საარჩევნო პროცესში და მათი გადაჭრის გზებს, ასევე ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. ისაუბრებენ კიბერ უსაფრთხოების მიზნით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

კონფერენცია ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გახსნა.

„ამ თემატიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით პრობლემები არ გვქონია, დეზინფორმაციული საკითხები იყო საკმაოდ წინა პლანზე წამოწეული“, -განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მან საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა, ასევე წარადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით „პირველი დემოკრატიული არჩევნების 100 წლის იუბილე დამოუკიდებელ საქართველოში“.