ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა იწყება
ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა იწყება

ბათუმში ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და სკოლის გენერალურ დირექტორთან ნინო ჩიკვაშვილთან ერთად ჩააგდო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქართულ-ამერიკული აკადემია 2021 წელს გაიხსნება და აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიებით, სპორტდარბაზებით, კაფეტერიებითა და ლაბორატორიებით. განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია. აკადემია 800-მდე მოსწავლეს მიიღებს და მათ უმაღლესი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას შესთავაზებს. აღნიშნულ პროექტს სკოლა „პროგრესი“ შპს „ანაგი განათლებასთან“ ერთად განახორციელებს.

მათივე ცნობით, ეს იქნება პირველი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია დასავლეთ საქართველოში სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებით. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული საერთაშორისო ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება საერთაშორისო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. პროგრამა აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს AdvancED-ის და „უმაღლესი სასწავლებლების საბჭოს“ მიერ.

ორმაგი განათლებისა და დიპლომის უპირატესობის პარალელურად, აკადემია AP და IB − სააბიტურიენტო, საუნივერსიტეტო და კარიერულ პროგრამებს წარმოადგენს.