ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს
ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

ბათუმში ქალთა ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.

ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია ბიზნესში ქალთა გაძლიერება და ქალი მეწარმეების წახალისება.

ორდღიან ფორუმზე იმსჯელებენ ბიზნესკომპანიების როლზე ქალთა გაძლიერების მიმართულებით, განიხილავენ წარმატებული ქალების კონკრეტულ ისტორიებს. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ.

ფორუმის მეორე დღე ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზებულ აქტივობებს, გასართობ და შემეცნებით თამაშებს, მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვას, საინფორმაციო სტენდებსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტ გოგონათა მარშს დაეთმობა.

ფორუმი, რომლის მთავარი გზავნილია „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.  კამპანიის მიზანია, გააუმჯობესოს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირები კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი რეგიონული ფორუმი ქუთაისში 30-31 მარტს გაიმართა. ბათუმის შემდეგ, ივლისში, ეკონომიკურ ფორუმს ზუგდიდი უმასპინძლებს.