ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენის ღონისძიების პარალელურად, „დროასა“ და „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს
ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენის ღონისძიების პარალელურად, „დროასა“ და „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს

ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმში, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ აჭარაში მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს.

ადგილზე პოლიტიკური მოძრაობა „დროასა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები მივიდნენ. მათ გიორგი გახარიასგან 20-21 ივნისის მოვლენებსა და გახმაურებულ საქმეებზე პასუხისმგებლობის აღება მოითხოვეს. აქტივისტების თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება არ აქვს.

აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ ნორმალურ ფორმატში.

„ვიცი მათი შეკითხვები და პასუხებიც არაერთხელ გამიცია. ყოფილა შემთხვევა, რომ გამოძიების ფარგლებშიც გამიცია. მე ვფიქრობ მომავალზე. მთავარია ის ადამიანები, რომლებიც წარვადგინეთ. ამ ადამიანების მიერ გაპროტესტებას არავინ ზღუდავს. მესმის მათი. 20 ივნისი და რასაც ჩემთან ჰქონია კავშირი, ის ბრალდებები, რაც მათ თქვეს, ბევრი უსამართლო და ტყუილია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საქმეზე პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერ ფორმატში. გამოძიების ფორმატში, აქციებზეც. მზად ვარ, მოვუსმინო, ეს ხომ ჩემი პასუხისმგებლობაა. ნორმალურ ფორმატში მზად ვარ სასაუბროდ ნებისმიერ ადამიანთან. ამ ფორმატში – არა“- განაცხადა გიორგი გახარიამ.