ბათუმში ოთხი ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

22:40, 09.12.2024

საქართველოს შინაგან საქმე სამინისტროს აჭარის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ჯ და 1985 წელს დაბადებული ბ. თ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბათუმში შურისძიების მოტივით დროებით საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ.-ს, 1997 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს, 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ-სა და 2005 წელს დაბადებულ ა.ს.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული ჭრილობების შედეგად სამი პირი – ადგილზე, ხოლო ერთი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მსგავსი