ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი
ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა.

მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა.

როგორც ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2021 წელს აქ დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა. პრემიერის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ. დეკემბერში ჩვენ აქ ვიყავით მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად და მაშინ ვთქვით, რომ აქ აუცილებლად დაიწყებოდა ახალი მშენებლობა, რომელიც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს მოგცემდათ საშუალებას, ღირსეულად გეცხოვრათ ყოველდღიურად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ საშრომი, ყოველდღიურად, ყველას ერთად, იმისთვის, რომ ისეთი მძიმე სოციალური პრობლემები, რომელიც იყო აჭარაში, ყველამ ერთად გადავწყვიტოთ. მაგრამ ამას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ზუსტად დღეს, აქ დაიწყება მშენებლობა და როგორც დაგპირდით დეკემბერში, რომ აქ აშენდებოდა „ოცნების ქალაქი“, ზუსტად ასე გპირდებით, რომ წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების, რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 2021 წელს აქ დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა ამ ბავშვებისთვის. ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია და აქ აშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი. საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი დღეს, ისევე როგორც აჭარის მთავრობის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ეს ქვეყანა გახდეს შესაძლებლობების ქვეყანა – ამ ბავშვებისთვის და ამ ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეულად ცხოვრების საშუალება. გილოცავთ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.