ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ფანგანი ადვოკატმა მოინახულა
ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ფანგანი ადვოკატმა მოინახულა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფისთვის, დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაკავებული ირაკლი ფანგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ მოინახულა.

მისი განცხადებით, ირაკლი ფანგანს ჯერ ბრალი წარდგენილი არ აქვს და აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

„მე შევხვდი დაკავებულს, იგი დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალი წაყენებული არ აქვს, ამდენად, საქმის მასალებს მივიღებ ბრალის წარდგენის შემდეგ და შესაბამისი სტრატეგიაც მექნება. განჩინების საფუძველზე დაკავება განხორციელდა ხულიგნობისა და დევნის მუხლებით. შესაძლებელია, ბრალდება შეიცვალოს, სასამართლო კი აღმკვეთ ღონისძიებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს“, – განაცხადა მალხაზ ზოიძემ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ დეპუტატისთვის ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით ფანგანის ქმედება არასასურველია, თუმცა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. მალხაზ ზოიძე იმედოვნებს, ირაკლი ფანგანი ადმინისტრაციული ჯარიმით გათავისუფლდება.

23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ირაკლი ფანგანმა დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.