ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ამ ლოზუნგით დღეს მოქალაქეთა ჯგუფმა ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა ისევ გააპროტესტა. აქცია მთავრობის სახლის წინ გაიმართა, სადაც კარავიც გაშალეს.

შეკრებილები ეკოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტერმინალის აშენებას არ დაუშვებენ. მათივე ინფორმაციით, ბათუმის პორტში სამშენებლო სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო.

„ვითხოვთ სამუშაოების შეჩერებას. ბათუმმა ტურისტული ოსკარი აიღო, ეს ტერმინალი კი ჯილდოსთან წინააღმდეგობაში მოდის. საფრთხეს უქმნის როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ეკოლოგიურ მდგომარეობას ქალაქში. ამბობენ, მხოლოდ კარბამიდის გადაზიდვა მოხდებაო, თუმცა ჩამონათვალში 14 სახეობის ნივთიერებაზეა საუბარი, მათ შორის ფეთქებადსაშიშზე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვატო ნებუნიშვილმა.

მისივე თქმით, აქცია პროექტის შეჩერებამდე გაგრძელდება.

ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალს ამერიკული კორპორაცია „ტრამო“ ააშენებს.

კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

დატოვე კომენტარი