ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. პროფესიულ დღესასწაულს მეზღვაურები 25 ივნისს აღნიშნავენ, თუმცა თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად ბათუმის ქუჩებში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობით დაიწყო. ოფიციალური ნაწილი კი საზღვაო პორტის მე-11 ნავმისადგომზე გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შორეული ნაოსნობის კაპიტნებს, მეზღვაურებსა და კურსანტებს ღირსების ორდენები, პრეზიდენტის ჯილდოები და სტიპენდიების მოწმობები გადასცეს. ჯილდო ნაწილს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საზღვაო სფერო განსაკუთრებული დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში.

„თქვენ ხართ განსაკუთრებული პროფესიის ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ქართული ეკონომიკის განვითარებაში, დღეს 14 ათასი ქართველი მეზღვაურია დასაქმებული სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც ყოველწლიურად ქართულ ეკონომიკას 200 მილიონით ამდიდრებენ. სახელმწიფო კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ დარგის განვითარებას, ქართველი მეზღვაურების დასაქმებას, რომლებიც აღიარებულნი არიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი, მამაცი და შრომისმოყვარე მეზღვაურები მთელ მსოფლიოში“, – მიმართა მეზღვაურებს ნათია თურნავამ.

მეზღვაურთა დღეს ტრადიციულად პატივი მიაგეს გარდაცვლილი მეზღვაურების ხსოვნას და გემების საყვირების ფონზე ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.