ბათუმში მალე დაფუძნდება მეკარეთა სკოლა, რომელიც იური მამინაშვილის სახელობის იქნება, – ამის შესახებ ბათუმის საფეხბურთო სკოლა „პორტუს ბათუმის“ დამფუძნებელმა, ჯაბა ჭანტურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.
„ვფიქრობ, დანაშაულია, ქალაქი ამ დიდებული მეკარეების მწვრთნელის რესურსს ვერ იყენებდეს. ჩვენი კლუბის „პორტუს ბათუმის“ ორგანიზებით ძალიან მალე დაფუძნდება „იური მამინაშვილის სახელობის მეკარეების სკოლა“, სადაც მეკარეობის ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ამ დიდებულ მწვრთნელთან ინდივიდუალურად ეზიაროს დიდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. ეს არის მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მაღალი დონის მეკარე აღუზრდია, რომლებსაც ღირსეულად დაუცვიათ თავი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდის ღირსება“, – წერს ჯაბა ჭანტურია.
ბათუმის საფეხბურთო სკოლა „პორტუს ბათუმი“ ახალი ჩამოყალიბებულია – ის 2020 წელს საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ამ სახეობის ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ დააფუძნა.
იური მამინაშვილმა კარიერა ბათუმის „დინამოში“ დაიწყო, მერე გადავიდა ქუთაისის „ტორპედოში“, ხოლო 1978-1981 წლებში – თბილისის „დინამოში“. 1982 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა, 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან ბათუმის „დინამოს“ მთავარი მეკარე გახდა. ასევე უთამაშია „შევარდენში“, ხობის „კოლხეთში“, ოზურგეთის „მერცხალში“, 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებელ ჩემპიონატში ისევ ბათუმის „დინამოში“ ითამაშა.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა მეკარეების მწვრთნელად საქართველოს (ბათუმის „დინამო“, ქობულეთის „შუქურა“), უკრაინის (სიმფეროპოლის „ტავრია“) და რუსეთის („მეტალურგ-კუზბასი“) კლუბებში.