მსოფლიოს საუკეთესოდ მოთამაშედ ბათუმის „დინამოს“ წევრი აღიარეს - გუნდი ყველა დროის საუკეთესოთა ათეულშია | ქვიშის ფეხბურთი
მსოფლიოს საუკეთესოდ მოთამაშედ ბათუმის „დინამოს“ წევრი აღიარეს - გუნდი ყველა დროის საუკეთესოთა ათეულშია | ქვიშის ფეხბურთი

ქვიშის ფეხბურთის გუნდი ბათუმის „დინამო“ ყველა დროის საუკეთესო კლუბების ათეულში შევიდა, ხოლო მისი მოთამაშე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ეს სენსაციური ინფორმაცია პირველ არხს ბათუმის „დინამოს“ მენეჯერმა, კახა მიქელაძემ აცნობა.

„საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის შემაჯამებელი საღამო დუბაიში გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები დაასახელეს. სასიხარულოა, რომ წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეს, ლორენც გომესს გადაეცა, ხოლო წლის საუკეთესო გოლის ავტორიც ჩვენი კიდევ ერთი ლეგიონერი, ედუ სუარესი გახდა!“ – ამბობს მიქელაძე.

ლორენც გომესი დაჯილდოვებისას

საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციამ საღამოზე ყველა დროის საკლუბო რეიტინგიც გამოქვეყნდა. „დინამო“ რეიტინგის მქონე 115 კლუბს შორის მე-10 ადგილზე გავიდა. ბათუმელთა მენეჯერი ამაზეც გველაპარაკა – „ეს აღიარებები ჩვენი კლუბისა და ზოგადად ქალაქის აღიარება და დიდ წარმატებაა! ამავე დროს, დასტურია იმისა, რომ ჩვენ სწორად ვვითარდებით და ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მიზანს გვაახლოებს!“

„ბრავო! კლასიკური მაგალითი თუ როგორ შეუწყო ხელი მუნიციპალიტეტმა კონკრეტული სახეობის განვითარებას ხელი,“ – ასე გამოეხმაურა გუნდის და მისი მოთამაშეების აღიარებას ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს პლაჟის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, ჯაბა ჭანტურია.

ბათუმის „დინამო“ 2014 წელს ბათუმის მერიის თანადგომით დააარსდა და 2015 წლიდან ოთხჯერ ითამაშა პლაჟის ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგაზე. ამ ოთხი ტურნირის მონაცემების დათვლით გავიდა გუნდი 10 საუკეთესო შორის. ესპანელი ლეგიონერები კი მესამე წელია, რაც გუნდში თამაშობენ.