ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს.

საქართველოში გლოვის დღეა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია. დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.