ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ სამედიცინო სფეროს 16 თანამშრომელს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ სამედიცინო სფეროს 16 თანამშრომელს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა

სამედიცინო პერსონალს, რომელთაც ბათუმში 60 წლის ინფიცირებულ ქალთან ჰქონდა კონტაქტი, სულ 16 გამოკვლეულ პირს, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის სასწრაფო დახმარების ორ ბრიგადას, ჯამში ექვს ადამიანს და ორი კლინიკის 10 თანამშრომელს ტესტები ჩაუტარდათ. ანალიზების პასუხი უარყოფითია.

ამჟამად სოფელ გვარას ამბულატორიასა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრის პერსონალის გამოკვლევა მიმდინარეობს, სადაც ე.წ. ქობულეთის კლასტერის ინფიცირებულები გასული თვის ბოლოს იმყოფებოდნენ.

ბათუმში​ დღეს კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი ინფიცირებული 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სულ 16 პირს ჩაუტარდა გამოკვლევა, მათგან ხუთის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ახალ ინფიცირებულებს შორის ორი 60 წლის ქალის ოჯახის წევრია, ერთი შვილი, მეორე კი მამაა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. სამი პირი კი ქობულეთში, მშობლების მეზობლები არიან. ინფიცირებული სწორედ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან. დაკეტილია სოფლის ამბულატორია, ასევე ქობულეთის სამედიცინო ცენტრიც და მიმდინარეობს შენობის დეზინფექცია.