ბათუმში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, კლინიკა „მედინაშიკორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალს 25 ნოემბერს საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში გაუკეთდა, ორი დღის შემდეგ კი გართულებებით „მედინაში“ გადაიყვანეს.

როგორც კლინიკა „მედინას“ ექიმმა, ჯუმბერ უნგიაძემ განაცხადა, 25 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირებული ორსული პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რაც ნაყოფის მდგომარეობაზეც მოქმედებდა, ამის გამო მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

ჯუმბერ უნგიაძის თქმით, „მედინაში“ გადაყვანის შემდეგ, პაციენტს ჩაუტარდა კვლევები, რის შედეგადაც მას ფილტვების მძიმე დაზიანება დაუდგინდა.

ექიმის ინფორმაციით, ახალშობილი ჯანმრთელია და კლინიკიდან სახლში გაწერეს.

„მრავალი პაციენტი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა, ვინაიდან მას ფილტვის მძიმე დაზიანება ჰქონდა კორონავირუსის ინფექციის გამო. ის ბათუმის სამშობიარო სახლში იწვა, კორონავირუსის დიაგნოზით. მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა უარესდებოდა, კერძოდ, გამოხატული კლინიკური ცვლილებები ჰქონდა,  ასევე სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა მისი, როგორც ორსულის მდგომარეობაზე, ასევე აისახა ნაყოფის მდგომარეობაზე.

25 ნოემბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა და საკეისრო კვეთა ჩატარდა. ბავშვის მდგომარეობა კარგია, გაეწერა სახლში. სამწუხაროდ, დედის მდგომარეობა დამძიმდა და 27 ნოემბერს კლინიკა „მედინაში“ გადმოიყვანეს. კვლევის შედეგად, მას პნევმონია და ფილტვის 23-პროცენტიანი დაზიანება დაუდგინდა. პაციენტს მაღალი ნაკადით ჟანგბადი მიეწოდებოდა. პირველ და ორ დეკემბერს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა გუშინ საღამოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია მოხდა, რომელმაც გამოიწვია გულის გაჩერება. ფილტვის რეანიმაცია ჩატარდა, მაგრამ დღეს შუადღით გული გაჩერდა. სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას თანმდევი დაავადება არ ჰქონდა“,- განაცხადა კლინიკა „მედინას“ ექიმმა, ჯუმბერ უნგიაძემ.