ბათუმში ხვალიდან ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება
ბათუმში ხვალიდან ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება

ბათუმში ხვალიდან ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაზრების ფუნქციონირება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენტაციების სრული დაცვით განხორციელდება.

ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში. ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე. რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.