ბათუმში „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა
ბათუმში „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

ბათუმში „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში დღეს 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა. პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც არ აქვთ საკუთარი ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე 80 ოჯახია დაკმაყოფილებული. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები წლის ბოლოს, დამატებით კიდევ 100 ოჯახს გადაეცემა.

ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ოთხი ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა. ამ ეტაპზე დამატებით კიდევ ოთხი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა. დღემდე, პროექტის განხორციელებისთვის 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

„დღეს საცხოვრებელი ფართები გადავეცით კიდევ 40 ოჯახს, რომლებმაც ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით ისარგებლეს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელმაც ვერ შეძლო საცხოვრისის შეძენა, აქვს მუდმივი შემოსავალი და შეძლებს ბინის ღირებულების დაფარვას ხანგრძლივი, შეღავათიანი დროის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში, ოთხი კორპუსი აშენდა და ჯამში 80 ოჯახია დაკმაყოფილებული. მიმდინარეობს დამატებით 100 ოჯახისთვის კიდევ ოთხი კორპუსის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. პროგრამისთვის მთლიანობაში 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა“, – აცხადებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.