ბათუმში ხანძრის შედეგად ექვსი მაღაზია დაიწვა
ბათუმში ხანძრის შედეგად ექვსი მაღაზია დაიწვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად ექვსი მაღაზია დაიწვა. ხანძარი დილის 5:00 საათზე გაჩნდა.

ცეცხლის ლიკვიდაცია ოთხმა ბრიგადამ მოახერხა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მეპატრონეები ამბობენ, რომ ზარალი დიდია. მათი თქმით, სულ მცირე თითოეულ მათგანს 15 ათასი ლარის ზიანი მიადგა. მათივე ინფორმაციით, არც ერთი მაღაზია დაზღვეული არ იყო.

ხანძარი საღებავებისა და სარემონტო მასალების მაღაზიებს გაუჩნდა. მეპატრონეების ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამო მაღაზიები დაკეტილი იყო, შესაბამისად ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.