ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა
ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

ბათუმში ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის ასი უფროსკლასელი მონაწილეობს.

ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები: იმუშავებენ პროგრამირებაზე, მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე, გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში, ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრში.

ბანაკის მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების აქტუალურ საკითხებს და მიიღონ საწყისი ცოდნა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში.

ბანაკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ გახსნეს.