ბათუმში, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
ბათუმში, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, კომპანიამ, რომელიც ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს, ევკალიპტების მოჭრა დაიწყო. მოსახლეობამ აღნიშნული მშნებლობის წინააღმდეგ აქცია რამდენიმე დღის წინაც მოაწყო.

„რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ ხეები არ მოჭრან, ოთხი თვეა, უკვე ვაპროტესებთ. ჩვენ აქ, ამ ხეების ქვეშ გავიზარდეთ. მწვანე ზონა არ უნდა განადგურდეს. ბინა შენდება, პროექტის მიხედვით ხეები არ უშლით. ჭრიან, რადგან ტექნიკას უშლის ხელს,“- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ირაკლი ჩიტაძემ.

ევკალიპტების გაჩეხვას უარყოფს კომპანიის იურისტი. გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

„მოსახლეობის პრეტენზია გამოწვეულია არაინფორმირებულობით. მიმდინარე სამუშაო პროცესი არის ღია. არსებული ხეების გადაბელვა მიმდინარეობს, ვინაიდან ხის ამ მდგომარეობაში დატოვება სახიფათოა სამუშაო პროცესისა და აქ დასაქმებული ადამიანებისთვის. არც ერთი ხე, რომელიც არის ჯანსაღ მდგომარეობაში, არ მოიჭრება. როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ პროცესის პოლიტიზირებას ცდილობენ. აქ ხშირად ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და ისინი აწვდიან მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას“- განაცხადა „როიალ ბილდინგის“ იურისტმა.

მოსახლეობის მხარდასაჭერად ინასარიძის ქუჩაზე პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მივიდნენ, ორი დღის წინ გამართულ აქციაზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.