ბათუმში „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა
ბათუმში „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

ბათუმში სოციალურ პროექტ „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. დღის წესრიგში ბინების გადანაწილების საკითხი დადგა. ქალაქის მერია ბენეფიციართა შერჩევას იწყებს.

ბინებს შეღავათით მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ისინი 15 წლის განმავლობაში გადაიხდიან ბინის ქირას, რომელიც ფართის თვითღირებულების მიხედვით განისაზღვრება, შემდეგ კი მერია მათ საკუთრებაში ერთ ლარად გადასცემს.

ბენეფიციარებს, რომლებიც ბინებს შეღავათით შეისყიდიან, ტენდერის გზით შერჩეული კერძო კომპანია გამოავლენს. „იაფი სახლის“ პროგრამასთან დაკავშირებული ღონისძიებები ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტიცა.

„გადახდის წესი დადგინდა, ქირის სახით გადაიხდიან დაახლოებით 300-300 ლარს, 15 წლის შემდეგ კი აჭარის მთავრობა ქონებას ოჯახებს ერთ ლარად გაუფორმებს. მთავარია, როგორ ჩატარდება, იქნება თუ არა ნეპოტიზმი ბინების გადანაწილებისას. პროექტმა ბევრი ცოდვა და წვალება გაიარა, დაკარგულია მილიონ ნახევარი, დაპატიმრებულია ბევრი ადამიანი. ძალიან ნაწვალები პროექტია და კარგი იქნება, თუ კარგად დასრულდება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ.

„იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში იგეგმება კიდევ ორი კორპუსის აშენება.

სახლების მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, თუმცა მშენებელმა კომპანიამ მილიონ ნახევარი ლარი მიითვისა და გაუჩინარდა. საქმეზე დაკავებული არიან მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის დააკავეს ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.