ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, ხმაური იყო
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, ხმაური იყო

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ხმაური იყო. ოპოზიციიდან ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. ის ადგილზე თანაპარტიელებთან ერთად მივიდა.

გოგოლის ქუჩაზე რვა ექვსართულიანი კორპუსი შენდება. მერობის კანდიდატის განცხადებით, გაურკვეველი მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობს. მშენებლობას აწარმოებს კომპანია „მეტრო სითი“, რომელიც თურქ ბიზნესმენს ეკუთვნის.

„აქ მშენებლობის ნებართვა 2011 წელს გაიცა, უნდა აშენებულიყო თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრი, ათი წლის შემდეგ კი მივიღეთ გაურკვეველი ფორმისა და დანიშნულების კორპუსების უკანონო მშენებლობა. არავინ იცის, რა შენდება. არის რაღაც საიდუმლო ობიექტი. არ არსებობს აბრა, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს ისე, რომ ამის შესახებ ბათუმელებმა არაფერი ვიცით“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები სამშენებლო ობიექტზე შევიდნენ, რასაც კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია და პოლიცია გამოიძახეს.

„მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს, აქ სასტუმრო კომპლექსი შენდება და ვფიქრობ, ეს ინვესტიცია ოპოზიციამ კი არ უნდა გააპროტესტოს, ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა „მეტრო სითის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლაშა ბარამიძემ.

თუმცა, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამაც დაადასტურა, რომ მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობს. ინსპექციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ობიექტი 7-ჯერ დაჯარიმდა და საქმე სასამართლოშია.

„ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ „მეტრო ტერმინალის“ მიმართ გოგოლის #11-ში უნებართვოდ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის სამართალწარმოება პირველ ივნისს, მშენებლობის დაწყებისთანავე დაიწყო. მითითების შეუსრულებლობის გამო კი დაჯარიმდა 6 000 ლარით. კომპანიას დაევალა მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი). მას შემდეგ ექვსჯერ დაჯარიმდა მშენებლობის შეუჩერებლობის გამო 5 000 ლარით. ვინაიდან დადგენილებები კომპანიის მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში, შესაბამისად, აღსრულებაში გადაიგზავნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“, – აცხადებენ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

დატოვე კომენტარი