ბათუმში „ღია პირველობა აფროსნობაში 2025“ მიმდინარეობს
ბათუმში „ღია პირველობა აფროსნობაში 2025“ მიმდინარეობს

ბათუმში რეგატა „ბათუმის ღია პირველობა აფროსნობაში 2025“ მიმდინარეობს. აფროსნობის ღია პირველობა 8 ივნისამდე გაგრძელდება.

სამი დღის განმავლობაში საქართველოში მოქმედი საიალქნო კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. რეგატაში მონაწილეობას იღებენ თბილისის საიალქნო კლუბის, საქართველოს საიალქნო კლუბის, ფოთისა და ბათუმის აფროსანთა კლუბების სპორტსმენები ლაზერის და ოპტიმისტის კლასში.

„აფროსნობა საქართველოში ძალიან განვითარებული სპორტის სახეობა იყო და ეს განსაკუთრებულად იგრძნობოდა ბათუმში. იყო რაღაც ჩავარდნები, მაგრამ ბოლო წლებია, ახალი გუნდის ძალისხმევით ვატარებთ შეჯიბრებებს საქართველოს მასშტაბით. პირველად ტარდება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ყველა კლუბს შორის პირველობა ბათუმში. ბათუმს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ყველა თვალსაზრისით, ბათუმში არიან კარგი სპეციალისტები, სპორტსმენები და არის ტრადიციები. ამიტომაც ჩვენი მიზანია, სპორტის ეს სახეობა ბათუმში რაც შეიძლება მეტად განვითარდეს“, – აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორმა, ვეტერანმა აფროსანმა, ჯუმბერ ცომაიამ.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს აფროსნობის ფედერაცია. როგორც ფედერაციაში განაცხადეს, ტურნირი ტრადიციული გახდება და მომავალში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.