ბათუმში ღამის მარათონი იმართება
ბათუმში ღამის მარათონი იმართება

ბათუმში ღამის მარათონი დაიწყო. ასპარეზობაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1 700-მდე მორბენალი ჩაერთო. გარბენში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც მონაწილეობს.

„მნიშვნელოვანია გარბენი, არა მარტო იმიტომ, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ის ტურისტული თვალსაზრისითაც მომგებიანია ბათუმისთვის“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიებამ სტარტი ბათუმის ბულვარიდან აიღო და ოთხი ტიპის გარბენს მოიცავს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

მარათონი გალა კონცერტით დასრულდება. შეკრებილების განწყობაზე სოფო ბათილაშვილი, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი „ნიუტონი“ იზრუნებენ.

მარათონში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია ფასიანი იყო, თანხა კი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის პროექტს – ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს გადაეცემა.

საერთაშორისო მარათონს ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს.