ბათუმში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს
ბათუმში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

გარემოვაჭრეებმა, რომლებიც ხუთი თვის წინ ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩიდან ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა, დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი სავაჭრო ადგილის გამოყოფას ითხოვენ და ამბობენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად საქმიანობენ, გაუსაძლისი პირობებია.

„არავინ შემოდის, ზაფხულია და ისეთი სიცხეა შენობაში, გაჩერება შეუძლებელია. ჩვენ უკან ოჯახები დგას, რა გავაკეთოთ, გუშინ 80 თეთრის ვივაჭრე. გამოგვიყონ სხვა ფართი, აქციების გარდა, სხვა გზა აღარ დაგვრჩა“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. მოვაჭრეები ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.