ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა გრძელდება
ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა გრძელდება

ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე კომაროვის სკოლის ფილიალის სასწავლო კორპუსისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით 250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში, აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმის „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებლის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობას. განათლების ქალაქში სახელოვნებო სკოლის მშენებლობა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელოვნებო სკოლის პროექტირება.
განათლების ქალაქის პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

განათლების ქალაქის სამშენებლო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან დავით ფარცვანიასთან და აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად დაათვალიერა.