ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის დანიშნულ სამ საარჩევნო მოხელეს ხელფასიდან თანხა დაექვითება, ერთმა კი შენიშვნა მიიღო
ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის დანიშნულ სამ საარჩევნო მოხელეს ხელფასიდან თანხა დაექვითება, ერთმა კი შენიშვნა მიიღო

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დანიშნულ სამ საარჩევნო მოხელეს ხელფასის 50 პროცენტი დაექვითება, ერთმა კი შენიშვნა მიიღო. სანქციები მათ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს საჩივრების განხილვის შედეგად დააკისრა. განხილვის პროცესი ხმაურით დასრულდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უკმაყოფილო დარჩნენ, რადგან სანქციები მათ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო მოხელეებს დაეკისრათ.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სულ 10 საჩივარი იყო შესული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი საჩივარი, სალომე ზურაბიშვილის წარმდგენმა საინიციატივო ჯგუფმა ორი, დანარჩენი საჩივრები კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დაწერეს. 10-დან 4-ში სარჩელის ავტორები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ. მათი განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პრეროგატივაა და განხილვის ვადა 15 დღეა, სხვა საჩივრების განხილვა კი საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს დაასრულა.

საჩივრები მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ერთი სარჩელი უკან გაიხმო.

„თითქმის ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათისაა, ის შედეგებზე გავლენას არ ახდენს“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა ზვიად სურმანიძემ.