ბათუმში ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“, სადაც სამართალდამცველები იმყოფებიან, ხმაურია
ბათუმში ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“, სადაც სამართალდამცველები იმყოფებიან, ხმაურია

ხმაურია ბათუმში ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“, რომელშიც სამართალდამცველები იმყოფებიან. ფიტნესკლუბი დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობას განაგრძობს. გუშინ დაწესებულება 10 000 ლარით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა, თუმცა ფიტნესკლუბი დღეს ისევ გაიხსნა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.

ფიტნესკლუბთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩისა“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც  ფიტნესკლუბის მფლობელს გიორგი ფუტკარაძეს სოლიდარობას უცხადებენ.

„პოლიცია კრიმინალს კი არ ებრძვის, არამედ ებრძვის ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენელი ლევან ანთაძე.

„გირჩის“ წევრი ლალი ანთიძე აცხადებს, რომ დაწესებულების მფლობელს აქვს დიდი საკრედიტო დავალიანება და სხვა გზა არ ჰქონდა.

„დღეს ჩამოვიდა ბათუმში ზურა გირჩი ჯაფარიძე და ეს ფართი იქირავა, ამ გზით ცდილობდა კლუბს გადარჩენას, ეს გაუგონარი ამბავია.500 კვადრატი ფართია და ადამიანები სამი მეტრის დაშორებით ვარჯიშობენ, რატომ არის მაღაზია ღია და ეს აკრძალული“, – ამბობს ლალი ანთიძე.

შენობასთან მყოფები სკანდირებენ „გიორგი“ და დარბაზში შესვლას ითხოვენ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი. მისი განცხადებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი პოლიციაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

დატოვე კომენტარი