ბათუმში ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, ოთო ნემსაძის საღამო გაიმართა
ბათუმში ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის, ოთო ნემსაძის საღამო გაიმართა

მომღერალი ოთო ნემსაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ხვალ გაემგზავრება. გამგზავრებამდე ოთო ნემსაძეს ბათუმში საღამო მოუწყვეს. ნაჩვენები იყო ოთო ნემსაძის სიმღერაზე – „სულ წინ იარე“ გადაღებული კლიპიც.

ასევე ევროვიზიის მონაწილემ, ბათუმის ვიცე-მერმა სოფო ხალვაშმა აღნიშნა, რომ ოთო ნემსაძე ძალიან წარმატებული იქნება წლევანდელ კონკურსზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროვიზიაზე წელს საქართველოს წარმომადგენელია ოთო ნემსაძეა, რომელსაც მხარს უჭერს სრულიად საქართველო. მათ შორის ბათუმი ვერ იქნებოდა გამონაკლისი და რადგან ხვალ ოთო მიემგზავრება ევროვიზიაზე, გაცილების ლამაზი საღამო მოვუწყვეთ. იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული იქნება“, – ამბობს სოფო ხალვაში.

ბათუმელი გულშემატკივრებისთვის ოთო ნემსაძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

„რომ გითხრათ, რომ არ ვღელავ, ძალიან დიდ ტყუილს ვიტყვი. ისეთი შეგრძნება მაქვს, მგონია, კონკურსში პირველად ვმონაწილეობ. აქ უბრალოდ, ოთო ნემსაძეზე არ არის საუბარი, საუბარია უფრო მეტზე, ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც უნდა წარვადგინო.

ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ არც მუხტს, არც ენერგიას, არც ერთ ბგერას არ დავაკლებ და ზუსტად ეს არის ჩვენი მისიაც, რომ ქართული ენერგეტიკა მივაწოდოთ ევროპელ და მსოფლიო მსმენელს“, – აღნიშნა ოთო ნემსაძემ.