ბათუმში ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა
ბათუმში ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა

ბათუმში ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს 60 მუნიციპალიტეტიდან 25 ათასამდე ადამიანი 30-მდე სპორტის სახეობასა და ასამდე აქტივობაში იქნება ჩართული.

კვირეული საზეიმოდ ანბანის კოშკთან, საოცრებათა მოედანზე გაიხსნა. ევროპის სპორტის კვირეული ევროკომისიის ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.

ევროპის სპორტის კვირეული 2015 წლიდან იმართება და მასში ევროკავშირის წევრ და სხვა შერჩეულ 40-მდე ქვეყანაა ჩართული. 10 მილიონი ადამიანი 30 ათასამდე აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოში კვირეული მეორედ ტარდება. მომავალი წლიდან გახსნის ცერემონია მოძრავი გახდება და ის მუნიციპალიტეტი გახდება მასპინძელი, რომელიც უფრო მეტი აქტივობით იქნება გამორჩეული.

ევროპის სპორტის კვირეული საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.