ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„რუსეთუმებო ყარხართ“, „რუსეთი ოკუპანტია“, – ამ შეძახილების ფონზე ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. მათი ნაწილი მკაცრ რეაგირებას მოითხოვს, ნაწილი კი, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას.

„ეს იყო სამარცხვინო. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები თითქოს აქეთკენ მიდიოდა, უნდა გადადგეს ეს უღირსი პარლამენტის თავმჯდომარე“, – აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი ბოლქვაძე.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.