ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გააპროტესტა
ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გააპროტესტა

„გახსენით სკოლები“, „აღადგინეთ ფრენები“, „დაგვიბრუნეთ სამსახურები“, „გახსენით სამორინეები“, – ამ და სხვა შინაარსის ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეთა ნაწილმა რეგიონში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა.

აქციის მონაწილეებმა, რომელთა შორის დიდი ნაწილი რესტორნებისა და სამორინეების თანამშრომლები იყვნენ, განაცხადეს, რომ შეზღუდვების გამო მათ ფაქტობრივად დაკარგეს სამსახურები და უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ვირუსი.

„ვმუშაობდი რესტორანში მუსიკოსად, ათი საათის მერე რომ აიკრძალა მუშაობა, ფაქტობრივად დავრჩი სამსახურის გარეშე. რომც იყოს სამუშაო, როგორ უნდა მივიდე, ტრანსპორტი არაა, ტაქსის ფული რომ მქონდეს, რაღად მინდა სამსახური. რა მნიშვნელობა აქვს, უმუშევრობა უფრო მეტ საფრთხეს მიქმნის, ვიდრე „კოვიდი“, უკვე მეორედ დავრჩი უმუშევარი“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი იღებს 200-ლარიან კომპენსაციას, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ბანკის ვალების დასაფარადაც არ არის საკმარისი. ისინი პროცენტის შემცირებასა და კვლავ საშეღავათო პერიოდს ითხოვენ.