ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს
ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

ელექტრომობილების მეპატრონეებმა ბათუმის ქუჩებში მორიგი საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ქალაქის ბულვარში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბულვარის ადმინისტრაციის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას დაიწყებენ.

„მზად ვართ, რეგულაციები დაწესდეს. შემცირდეს ელექტრომობილების რაოდენობა. უსაფრთხოების გარანტორი ვერ ვიქნებით, მაგრამ ვეცდებით. არ გავაქირავებთ ნასვამ პირებზე. გარანტია არც იმის გვაქვს, რომ აქედან სახლში ცოცხლები მივალთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბულვარის დირექტორი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ელექტრომობილების მეპატრონეებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც შეხვდა, თუმცა მთავრობის შეთავაზებას ისინი არ თანხმდებიან.

„ჩვენ ავუხსენით, რომ ეს არის ბულვარის ადმინისტრაციისა და საკრებულოს კომპეტენცია, თუმცა მზადყოფნა გამოვთქვით, გვეშუამდგომლა მათთან ელექტრომობილებისთვის ალტერნატიული ადგილის გამოყოფაზე. შეთავაზებული იყო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. ასევე შევთავაზეთ, მოეძებნათ ადგილი, გარდა ბულვარისა“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ელექტრომობილების მეპატრონეები ალტერნატიულ შეთავაზებებს არ თანხმდებიან.

ელექტრომობილების მოძრაობა ბულვარის ტერიტორიაზე პირველი მაისიდან საკრებულოს გადაწყვეტილებით იკრძალება. საკრებულოს შესაბამისი თხოვნით ბულვარის დირექციამ მიმართა. დირექციამ მიზეზად ბულვარში ელექტრომობილების მიერ მოქალაქეთა დაზიანებების სიხშირე დაასახელა, რის გამოც წლის განმავლობაში შემთხვევებზე რამდენიმე ათეული საქმე აღიძრა. ელექტრომობილის შეჯახების გამო, ბულვარში ორი ტურისტი გუშინაც დაშავდა.