ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხმაური იყო
ბათუმის ცენტრალურ, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხმაური იყო. მოქალაქეთა ჯგუფი პარტია „მოქალაქეებისა“ და „ლელოს“ წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ბაზრობაზე ხვალინდელი აქციის მოსაწვევებსა და ფლაერებს არიგებდნენ.
„მოვიდა რამდენიმე კაცი, აშკარად მოკრიმინალო, მოძველბიჭო ელემენტები და თავს დაგვესხნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ფლაერებს ვარიგებდით, 10 კაცი მცემდა, ბაზრობის ადმინისტრაციამ არაფერი არ გააკეთა, არც პოლიციამ“, – ამბობს „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, გენრი დოლიძემ.
ბაზრობის ადმინისტრაციისა და მოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციის გამოჩენამ და მოწოდებებმა უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.
„მოვიდნენ დღეს, 7 ნოემბერს, გახსოვთ რაც მოხდა 13 წლის წინ და დღესაც არ შეიკავეს თავი, გაჰყვირიან „მიშა, მიშას“, ჩვენ ეს გვაღიზიანებს, ვართ „ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენც რომ გამოვიდეთ, 900 ათასი კაცი, მერე ნახონ რევოლუცია“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.
ამ დროისთვის ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.