ბათუმში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა [ვიდეო]

ბათუმში ძლიერი ნალექის გამო დატბორილია რამდენიმე ქუჩა. კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, პრობლემები შეიქმნა ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, შავშეთის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.

მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით, ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.

კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხები წინასწარ იყო გაწმენდილი და გახსნილი, მაგრამ იმ რაოდენობით ნალექი მოვიდა, რომ შეუძლებელი იყო ჭებს გაეტარებინა. მობილიზებულია ბათუმის წყლის სპეციალური ტექნიკა, სანიაღვრე ქსელის ჯგუფები და ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები.

„ჭების თავზე დაგროვილმა ნაგავმა რომ არ შექმნას გამტარუნარიანობის მხრივ პრობლემა, ვასუფთავებთ. 24 საათის განმავლობაში ჯგუფები მობილიზებული გვეყოლება იმ ადგილებში, სადაც პრობლემაა“, – განაცხადეს „ბათუმის წყალში“.

ბათუმში ორი დღეა, ძლიერად წვიმს.

დატოვე კომენტარი