ბათუმში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 37 შეტყობინება შევიდა
ბათუმში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 37 შეტყობინება შევიდა

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა 37 შეტყობინება მიიღო.

შეტყობინებები ძირითადად, სახლების სახურავების დაზიანებას ეხებოდა.

პუშკინის ქუჩის 30 ნომერში მრავალსართულიანი სახლიდან ფანჯრები გადმოცვივდა და მიმდებარედ, კერძო სახლის სახურავები დააზიანა.

ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, ეს არ არის აღნიშნული კორპუსიდან ფანჯრების ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა.

„ოთახში ვიყავი ხმაური რომ ატყდა, გარეთ გამოვვარდი, ფანჯრები და მინები ჩემს სახლს დაეყარა და სახურავი დააზიანა, მე ძლივს შევასწარი მეზობელთან. ამ 20-სართულიანი სახლიდან სულ ცვივა ფანჯრები”,-ამბობს დაზარალებული ნანული მიქელაძე.

ამ დროისთვის ქარი ჩადგა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციას კვლავ გადაკეტილი აქვს ჯავახიშვილისა და პუშკინის ქუჩების ცალკეული მონაკვეთები.

„37 შეტყობინება შემოვიდა, ქარმა დააზიანა სახურავები და ფანჯრები. ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, ამ დროისთვის ქარი ჩადგა, ქუჩები კი, ნარჩენებისგან გაწმენდილია”,- განაცხადა აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ხუსეინ სირაბიძემ.