ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა
ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა

ბათუმში 4 იანვარს ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ის ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზეა.

ექიმების ცნობით, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნება.

დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსია და იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.

დაშავებული მამაკაცის ახლობლები ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება მისი ტრანსპორტირება თურქეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში, თუმცა ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე, პაციენტის ტრანსპორტირება არ შეიძლება.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მისი მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.