ბათუმში დატბორილ ქუჩებზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმში დატბორილ ქუჩებზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში დატბორილ ქუჩებზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია, რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა.

უწყების ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის დაგროვება და გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესები.

მერიის ცხელ ხაზზე 250-მდე ზარი შევიდა. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განცხადებით, ყველა სამსახური მობილიზებული იყო და მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ყველა დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა. საჭიროების შესაბამისად მოხდება ოჯახების ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით გადაყვანა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლელა სურმანიძემ.

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით ქუჩა დაიტბორა. მძიმე სიტუაცია შეიქმნა ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზეც, სადაც მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.